Quantcast
TakTako.Com


თუ საიტიდან აიღებთ ნებისმიერ სიახლეს თქვენი საიტისთვის აუცილებლად მიუთითეთ წყარო.


ნახვა: 1048 ავტორი: BlackMinder კომენტარები (1) სრულად

ვისწავლო ფრენა


რას შეგადარო? მართლა არ ვიცი.
რატომ გამენდე, მაჩვენე სახე,
ჩემი ხელებით წმინდა ტილოზე,
უფლისა კრავად რად გამოგსახე?
ვის შეგადარო? დღესაც არ ვუწყი.
შენი ცრემლების მე მწამს ვედრება
და არ სცხვენია ნეტავ იმ ქალას
ვინ შენს მშვენებას ურჩად ედრება?
ძვირფასო, შორით განმიდექ, რათა
მაგ შენს სილაღეს ვუყურო ნდომით.
და სიყვარული მეღირსოს მარად
შენს მოტრფიალე ვაჟებთან ომით.
შენ მიწიერი არ გეთქმის, რადგან
სერაფიმივით ფრთებით მოსილი
ანგელოზებთან საუბრობ ძილში
და ღრუბლებით ხარ გარშემოსილი.
ერთხელაც იქნებ დავიმსახურო ,
შენი თვალების მდუმარე ჩრდილი,
რომ სიციაგემ შენი სულისამ
გამანებივროს უღრუბლო დილით.
სადაც შენ ფრთებით მომირჩენ ტკივილს
და ნაჭრილობევ გულს მისცემ ლხენას,
რომ მე ვიცოცხლო მაგ სახის ცქერით
და შენთან ერთად ვისწავლო ფრენა.

ნახვა: 6 ავტორი: tako_tako კომენტარები (0) სრულად

ისევ შენ


შენ ისევ უცვლელ ქარიშხლად რჩები,
მსწრაფლ რომ დაანგრევს ოცნების კარავს ,
შენგან მოსული მშვიდობის მტრედი
ჩემს საუნჯეს და საბადოს მპარავს.

და ნახევარი საუკუნეა
შენ ერთს გეკუთვნის ჩემი ფიქრები.
როცა ტალღების ბოლოს მივაგნებ,
მჯერა, რომ მარად ჩემი იქნები.

კვლავ ნახევარი საუკუნეა ,
შენი სურნელის ეშხით ვბრუვდები,
ტალღების სეტყვამ დასერა გული.
მე ველი პასუხს. არ დაბრუნდები?

სასოწარკვეთის ფერი აქვს ზეცას.
მე გავიარე უცხო ბილიკი.
დავხარე თავი დამცირებაზე,
არად ჩავთვალე ბედის ქილიკი.

ამ ბედმა სწორედ ამირანივით
კლდეს მიაჯაჭვა გრძნობები ჩემი.
და ბურუსების უმძაფრეს განცდას
დაიხსნი ჩემი შენ გადამრჩენი.
ნახვა: 8 ავტორი: tako_tako კომენტარები (0) სრულად

გაზაფხული ვარ


რომ დავიბადე თითქოს ვიგრძენი ცოდვილი მიწა.
ჩემია მხოლოდ მირკანის თვე და 18 მარტი
და იმის მერე ღვთის სიყვარული ამ დრომდე მიცავს.
მევე ვიტვირთე 20 წელიწადში განვლილი დარდი.

გაზაფხული ვარ , სახელად კი მარტის თვე მქვია
და დედამიწას მოვევლინე ურჩ თვრამეტ მარტად .
ოცი წლისა ვარ, ოცჯერ ვისროლე თამამად ტყვია
და დასაჩაგრად სიბოროტის ვიშრომებ მარდად.

ეს ოცი წელი ტკივილებს და ბურუსებს ფანტავს
და სასო ჩემი თეთრ მწვერვალზე სხივად ინათებს.
სილამაზეა გრძნობის ასეთი თამამი განცდა ,
სიმართლის გარდა, რომ ვერ ხედავ ქვეყნად სინათლეს.

ოცი წელია ამ ცხოვრების ნაკვალევს გავსდევ
და მივაკვლიე შენი სულის ფოფინა არეს.
სიღარიბე და სიცივეც რომ ჩამაცვან გავძლებ,
რადგან ვერ ვპოვებ ქვეყანაზე შენზე ტკბილ მხარეს.

შენში ვბრწყინდები და სული ჩემი ცრემლებით ელავს
და დაბინდული სივრცეები შენითვე ნათობს .
მხოლოდ შენ გვერდით დაიყუჩებს ტალღები ღელვას,
შენ გამოიყვან ამ ჩემს ცაზე ცხრათვალა მნათობს.

ნახვა: 8 ავტორი: tako_tako კომენტარები (0) სრულად

ფიქრი მთვარეული


როცა მთვარეული ფიქრი დამთამაშებს,
ვიღაც გამაქროლებს, სადღაც წარსულისკენ.
უცებ, ხელს ჩამკიდებს მძაფრი შექანებით,
სადღაც დამაგორებს კლდოვან ნაპრალისკენ.

მერე უსასრულოდ აღმართს ვეჭიდები,
ფეხი დამიცდება, ისევ დაღმართს ვხვდები.
ვეჭვობ, შემომიჩნდა ეშმა გამეტებით.
ბედის სასაცილო სულ ერთ წამში ვხდები.

ჩემი მონდომებაც წყალში იყრება და
ისევ უსასრულო აღმართს ავეკარი.
შენთან მომიწევდა გული მარადჟამ და
სურვილს შევეპყარი გულში ჩამეკარი.

მაგრამ უცხო სულმა გზები ამირია,
თვალი დაიბურა ნისლისფერი სეტყვით.
ასე მძიმე ხვედრი ჯერ არ მიგემია,
გული მემუქრება ლავის ამოხეთქვით.

გრძნობა დამიობლდა უხვი განსაცდელით,
სულის საზრდოსათვის წვეთი გრძნობა მინდა.
უნდა ვაიძულო სხეულს გადარჩენა.
უნდა ავიარო ტანჯვის პირამიდა.

რომ კვლავ დავიბრუნო სულის იერსახე,
შენი ხელის გული მკერდზე დავიფინო,
უნდა შევაკეთო იმედების გემი.
უხვი გმირობები კვლავ რომ ჩავიდინო.

ნახვა: 10 ავტორი: tako_tako კომენტარები (0) სრულად

სიზმარი


შენ ახლა გძინავს, ჩემს მუხლებზე, თამამი ძილით.
დაღვრილი სითბო სხეულებში გასაქანს ჰპოვებს.
ყველაზე მეტად გაღვიძება მაოცებს დილით,
როცა სიზმარი შენს სახეზე ნაკვალევს ტოვებს.

მაგ ძილში მინდა მოგატარო რჩეული განცდა
და სიყვარულის საფეხურებს ავყვეთ ზეცამდე,
რომ დაგანახო არასოდეს მოგიწევს დაცდა,
რომ სიზმარშიაც შენს ნაზ გულში იებს ვთესავდე.

და ასე მინდა, უსასრულოდ გიყურო მძინარს,
რომ შენი თმები ფარჩასავით მუხლზე მეყაროს ,
როგორც ზამთარის მკაცრი სუსხი დაათოვს მყინვარს,
მეც ასე მინდა სიყვარული გადამეფაროს.

ნახვა: 34 ავტორი: tako_tako კომენტარები (0) სრულად

ფრთებს ვეზიდები



მე რომ დამესიზმრა თურმე შენ იყავი,
განცდებაშლილი და გრძნობადალეული.
სწორედ უიმედო სევდით შემიყვარდი,
უკვე ფიქრი გქვია ყოველღამეული.

შენი ნატვრა იყო, ცა რომ დაგემშვენა,
ფრთები გამოგსხმოდა, ცაში აჭრილიყავ.
ღრუბლის ქულების ქვეშ სული დაგესვენა ,
ნორჩი იადონი ჩემში გაზრდილიყავ.

მე კი შენეული ნატვრა მაფრთიანებს,
შენი სამყაროა ჩემი სულის სარკე,
უკვე აღარ ვეტრფი გვირგვინ დაფნიანებს ,
რადგან სიყვარული მხოლოდ შენი მმართებს .

ო, ნუ გეგონება სიტყვა გაცვეთილი,
მხოლოდ შენთვის არის, რაც კი მომიძღვნია.
ბევრჯერ განკვეთილა გული დაფლეთილი,
მაგრამ სული მხოლოდ ახლა შემიცვნია.

შენით გაკამკამდა ჩემი სუნთქვები და
ზეცის ფერდობებზე თეთრ ფრთებს ვეზიდები.
უკვე გუშინდელი მე დღეს ვუქმდები და
როგორც კლდის ნაპრალი ისე გეხიდები .

ნახვა: 40 ავტორი: tako_tako კომენტარები (0) სრულად

...


შენი კეთილი თვალები რამ დამავიწყოს ნეტავ.
ვერსად ვერ დაგემალები, დამალვას არც კი ვბედავ.
სხეულის ეშხით ნარნარებს ხეში გაჩრილი სიო
და მეც ყვავილის ნამქერი მინდა, რომ მოგასიო.

ნელი ნაბიჯის სიჩუმე მაგონებს ყვავილის რხევას
და უსასრულოდ ვინატრებ მაგ შენს კალთაში რწევას.
თმებში ჩაგიღვრი ბოძებულ შენს უმხურვალეს ვნებას,
დავმორჩილდები დღეიდან მაგ შენი გულის ნებას.

როგორ უხარის ცხოვრება მინდვრად მოფენილ პეპლებს
და სიყვარული სწყურია ვარდის ალესილ ეკლებს.
შენ კი სულ ყველას ნუგეში, ღრუბლის ქათქათა ფრთებით,
ცის კაბადონზე მტრედისფერ იმედად მეგებები.

ნახვა: 47 ავტორი: tako_tako კომენტარები (0) სრულად

ერთ გულში ვატევთ


ქვეყანა არის ძუნწი და ავი
და მე ბრძოლაში ვიღლები უკვე.
მინდა, სიყვარულს შევაკლა თავი,
რომ წვიმის წვეთი ვაპკურო ღრუბლებს.

ახლა ფიქრები ჯაბნიან გრძნობებს,
რადგან გონება ტყვეობას გასცდა
და მე მივყვები ცხოვრებას მდორეს.
მორჩა... ჩამიკვდა სიცოცხლის განცდა.

ვდგავარ უჩუმრად... ღრმა მდუმარება
მაწევს მკლავების ჩამქრალ ტივებში
და დავამწყვდიე ეს მწუხარება
შენს ტრფიალ გულში, ნანადირევში.

სწორედ შენა ხარ წუხილის შვება,
უღრუბლო ზეცას სხივებს რომ მატებ .
ჩვენი სხეული ტუჩებით თვრება
და ჩვენს სიყვარულს ერთ გულში ვატევთ.

ნახვა: 70 ავტორი: tako_tako კომენტარები (0) სრულად

მე შენ გიწამე


მე შენ გეძახდი .
დაუნდობელი წვიმის შხეფები მდიოდა ცრემლად.
უკან მოგსდევდი
და გუბეების გადალახვა მიღირდა დევნად.
მე შენ მიყვარდი.
გადაღლილ სევდას უსაფუძვლოდ დავწამე ცილი.
დარდი მახრჩობდა.
ბილიკის ბოლოს შეგეჩეხე მე გარდაცვლილი.

მე შენ გიწამე,
მაგრამ ახლა მივრბივარ სადღაც, რომ გაგეცალო.
დამტოვე მარტო.
ფერმკთალ სიკვდილს,დალეულ გრძნობებს,რომ განაცვალო.
დამეხსენ, რადგან
საკმარისია მარცხი ბრძოლაში, დაცემა სულის.
აღარ გჭირდება,
უმწეო დრტვინვა, უხმო ლოდინი იმ დაღდასმულის,

რომელმაც შენთვის დაითმინა მრავალი ტანჯვა,
რომელმაც ყველა შენი სევდა მიიღო ხანჯლად,
რომელიც ახლა შენს დარაბებს ფიფქებად ათოვს
და შენს წიაღში ისმის კითხვა:" რატომ ვარ მარტო ? "

ნახვა: 82 ავტორი: tako_tako კომენტარები (0) სრულად
www.wsa.ge Page Ranking Tool